ჩემ შესახებ
არ მიყვარს საკუთარი თავის შესახებ საუბარი, მაგრამ ხანდახან საჭიროა. უპირველესად, ჩემს თავს უნდა შევახსენო, ვინ ვარ... ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ქალი, რომელსაც, ცნობილი პერსონაჟის მსგავსად,ძალიან უყვარს ლიტერატურა , მაგით ვიწყებ და მაგით ვამთავრებ... მსურს, სულიერი შიმშილი მოვიკლა... ვისწავლე სოფლის ჩვეულებრივ სკოლაში. თუმცა არასოდეს დამავიწყდება ჩემი გულანთებული პედაგოგები, კომუნისტური ენთუზიაზმითა და დისციპლინით აღსავსენი... სკოლიდან წამოღებული საძირკველი საკმაოდ მყარი აღმოჩნდა... დღემდე ვაშენებ და აღვმართავ ამ საყრდენზე რაღაც ნაგებობას, რომელიც მინდა, რომ არასოდეს დაინგრეს... და ერთ მშვენიერ დღეს ზღაპრულ სასახლედ გადაიქცეს... ეს ხუმრობით... ისე ხანდახნ შემომიტევს ხოლმე კომუნისტური ნოსტალგია და, ვფიქრობ, რომ იმ ეპოქიდან ყველაფრის ამოშლა არ შეიძლებოდა.აქედანვე დარჩა ღრმა კვალი ჩემი ბავშვობის წარსულში, რომელიც არასოდეს არ მავიწყდება. დილით ყოველთვის გამამხნევებელი ვარჯიშით იწყებოდა სკოლა, გარდა ამისა, მახსოვს უამრავი საქველმოქმედო აქცია, რომლებსაც კეთილი მიზნებით ვახორციელებდით და სასკოლო წლებიც მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იყო.( ნუ ჩამქოლავთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, კომუნიზმის აგიტაციას არ ვეწევი...) ვიცი, რომ მოტყუებული თაობა ვართ, მაგრამ იმ წლებსაც ხომ ჰქონდა თავისებური ხიბლი?!.. ისე, სასკოლო ფორმის ნოსტალგიაც დამრჩა, ალბათ ძველმოდურად ვაზროვნებ, მაგრამ რა ვქნა... წლების მანძილზე ამშვენებდა ჩემს კარადას მოსკოვური ყავისფერი ფორმის კაბა, თეთრი საყელოთი და მანჟეტებით. ეს, ალბათ, ბავშვობასა და სკოლასთან განშორების ტკივილით იყო განპირობებული. სწორედ ამ მოუნელებელმა ტკივილმა გადამაწყვეტინა ბავშვობასთან ხელმეორედ დაბრუნება და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდანვე პარალელურად სკოლის კედლებს დავუბრუნდი ორგანიზატორის თანამდებობით. ეს წლებიც საინტერესო და ლამაზი გამომივიდა. უამრავი ლიტერატურული საღამო და ე.წ. "კავეინი" ჩამრჩა მეხსიერებაში, გათენებული ღამეები და უამრავი საზრუნავი, ბავშვებისათვის ლამაზი დღეები რომ მეჩუქებინა. მოკლედ, სტუდენტობა კოშმარი იყო, თუმცა მაინც შთამბეჭდავი და ამღლებული... მე ხომ ავადსახსენებელი 90-იანელი ვარ. უშუქობა, სიცივე, უტრანსპორტობა, პურის კილომეტრიანი რიგები, საკომისიო მაღაზიები, კუპონები... გრძელი ჩამონათვალია... მაგრამ არ ღირს... თავს აღარ მოგაბეზრებთ... რომ იტყვიან, სკოლის მერხიდანვე მოსწავლის სტატუსიდან მასწავლებლის სტატუსი მივიღე... ჩემი პირველი მოსწავლეები დაუვიწყარნი არიან ჩემთვის, მეც თითქმის ბავშვი ვიყავი, მათთან ერთად ვიზრდებოდი პედაგოგად... მათი წარმატებებით ვხარობდი... და ასე ვარ დღემდე!.. ცოტა ბრაზიანი, ხანდახან უხეშიც, მაგრამ გული სიყვარულით სავსე... ბავშვები ძალიან მიყვარს, თუმცა ზოგჯერ მითქვამს, რომ საოცარი ენერგოვამპირები არიან, თავიდან ბოლომდე მაცარიელებენ..." აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი..." ჩემი დიდი წარმატება ჩემი მოსწავლეების სიყვარული და პატივისცემაა... (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე) , თუმცა ძალიან გამიხარდა 2010 წელს პირველივე სასერტიფიკაციო გამოცდებზე მიღებული სერტიფიკატი და მენტორის წოდება. რა ვიცი, რაღაცას ვცდილობ ცხოვრებაში და ეს რაღაცა კეთილი კვალის გავლებაა... იმედია დავტოვებ ისეთ კვალს, რომელიც არასდროს არ წაიშლება... მაპატიეთ ზედმეტი გულწრფელობა და სენტიმენტები... მიყვარხართ!.. 23/07/2016
Subscribe to:
Posts (Atom)
ეთერ, შენ მართლაც ძალიან გულწრფელი ადამიანი ხარ. შემოქმედებითი, ენერგიული, სიახლის მაძიებელი. რაც მთავარია გიყვარს შენი პროფესია და ის საქმე რასაც ემსახურები.
ReplyDeleteწარმატებებს გისურვებ!
მიყვარხარ ❤❤❤❤
ეთო, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, მიყვარხარ და წარმატებას გისურვებ <3
ReplyDeleteგმადლობთ, ჩემო კარგებო!!!
ReplyDeleteშესანიშნავი პიროვნება და მასწავლებელი და ძლიან შრომის მოყვარე ადამიანი, რის გამოც მისაბაძი მაგალითი ხართ ჩემთვის! წარმატებებს გისურვებთ ყოველ თქვენს წამოწყებულ საქმეში! <3 <3 <3
ReplyDelete