Friday, July 29, 2016

დადებული სურათინიკოლოზ ბარათაშვილი ლადო გუდიაშვილის წარმოსახვით

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად "ამა სოფლის ამაოებათაკენ" უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.დადებული სურათი
ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანი - ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარაბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლეთი (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი XIX საუკუნის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მიზეზთა მიზეზი მისი სულიერი ტკივილისა ეროვნულ სინამდვილესთან არის დაკავშირებული.
თაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა "მკაცრი ბედისა" და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.„ბედი ქართლისა“
პოემის „ბედი ქართლისა“ (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტორიული მოვლენა - აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს თბილისის აღება, რამაც ფაქტიურად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტიკული პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბარათაშვილისთვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და „ერის თვისების“ ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთვისებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება, მაგრამ საბოლოოდ, ობიექტურად, პოემაში მაინც ერეკლეს სიბრძნე იმარჯვებს.
„ბედი ქართლისა“ ბარათაშვილმა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბარათაშვილის ფილოსოფიური ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახალი ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნული მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.
ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დ. უზნაძის სიტყვით ბარათაშვილის „მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა“. ეს იყო ამავე დროს ახალი ესთეტიკური მრწამსის, ახალი პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

"შემოღამება მთაწმინდაზე" 
ბარათაშვილის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი გამოვლინებაა ლექსი "შემოღამება მთაწმინდაზე" (1833-1836). აქ მთავარია რომანტიკული ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება - ჰარმონიულად შეუთავსდეს ამ საწყისებს, "რომ დაშთოს აქ ამაოება", აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის "ამაოების" გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობია შეგრძნება ცნაურდება ფილოსოფიურ ხასიათის ლექსში "ფიქრნი მტკვრის პირას" (1837). "აღუვესებელი საწყაულის" სახე, როგორც ფილოსოფიური შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბარათაშვილის მთელს პოეზიას.

სიყვარულის თემა
სიყვარულის თემა ბარათაშვილთან მკვეთრად დაუოპირისპირდა ბესიკისა და ა. ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, "ციდან მოსული მშვენიერება", ბარათაშვილის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რომელიც მარტოოდენ "ხორციელობის" წარმავალ ნიჭს წარმოადგენს ("აღმოხდა მნათი", 1840; "არ უკიჟინო, სატრფოო", 1841; "რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო", 1842; "შევიშრობ ცრემლსა", 1843). "ზეგარდმო მადლით" დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბარათაშვილის სატრფიალო პოეზიის გმირი "დაკარგული ტოლის" მუდმივ ძიებაშია ("სული ობოლი", 1839; "სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი", 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში ("ვპოვე ტაძარი", 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკეტერინე ჭავჭავაძე ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის ("თავადის ჭ... ძის ასულს, ეკ....ნას", 1839; "საყურე", 1839; "...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი", 1839).

"მერანი"
ბარათაშვილის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ "ცისა ფერს" (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, "სულო ბოროტო" (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კროზისისა. ეს არის ტრაგედია "ურწმუნო ჭკუისა", რომელსაც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გართლება დაინახა("მერანი", 1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს. "მერანის" ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნული პრობლემატიკა ბარათაშვილის შემოწმედებაში ფართო ფილოსოფიური ასპექტით არის გადაჭრილი. "მერანის" მთავარი იდეა -ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილობლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერსალური შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რომელიც პოეტმა "ბედი ქართლისაში" დასვა.
ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ბარათაშვილის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 (რედაქტორი - პეტრე უმიკაშვილი), 1895 (ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი), 1922 (სამსონ ფირცხალავა), 1930 (პავლე ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, აკაკი გაწერელია), 1945 (კორნელი კეკელიძე), 1968 (პავლე ინგოროყვა), 1972 (აკაკი გაწერელია, ივანე ლოლაშვილი).
წყარო: ka.wikipedia.org 


                                                       ალ. ჭავჭავაძის „ გოგჩა“

„ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ფხიზლად მსჯელობა, გრძნობათა დაუხმარებლად, შეუძლებელია - წერდა იოსებ გრიშაშვილი, - იგი იყო დიდი გრძნობის მომღერალი, უხვი, ლაღი,ჭარბი, გულდოვლათიანი. ამ გრძნობამორეული პოეტის ბიოგრაფია, ორი საუკუნის მიღმა რომ იწყება, იმდროინდელი საქართველოს სვე-ბედს ირეკლავს და ასერიგად ბევრს გვეუბნება ჩვენს წარსულზეც და ჩვენს ხასიათზეც.

პეტერბურგში წარუდგენია ალექსანდრე ჭავჭავაძეს იმპერატორისათვის „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი“, რომელშიც იგი შეუფარავად ლაპარაკობდა სასოწარკვეთილებამდე მისულ თვისტომებზე და ოდესღაც აყვავებულ, აწ კი გაჩანაგებულ ქვეყანაზე: „ახლანდელი საქართველოს მნახველი ძნელად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა. მისი წინანდელი მოსახლეობის მოწამედ მხოლოდ უტყვი ნანგრევები-ღა დარჩენილა...“. ადვილი შესამჩნევია, როგორ ეხმიანება ეს სიტყვები ალექსანდრე ჭავჭავაძის ლირიკის აღიარებული ნიმუშის, „გოგჩის“ განწყობილებას:

„აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი,
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო“...

„გოგჩა“ 1841 წლითაა დათარიღებული. (ამ დროისათვის ალექსანდრე ჭავჭავაძე უკვე გენერალ-ლეიტენანტია. )

ლექსის პირველ სტროფში პოეტი წარმოაჩენს გოგჩის ტბის სილამაზეს.ეს უმშვენიერესი ტბა მდებარეობს სომხეთში, ეს არის იგივე სევანის ტბა.

„ გოგაჩა ტბა ვრცელი ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,

ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ღელავს მრისხანედ“

ბუნების უმშვენიერესი ქმნილება, წმინდა და აუმღვრეველი, ბროლივით გამჭვირვალე გოგჩის ტბა ალ.ჭავჭავაძეს საქართველოს დიად საუკუნეებს აგონებს, როდესაც იგი მტკიცედ იდგა მისი არაერთი მუსლიმანური მტრის წინაშე, ტბის შემოგარენში ოდესღაც გაშენებული იყო მშვენიერი ქალაქი, რომელმაც დროთა სვლას ვერ გაუძლო და განადგურდა. ლექსის მეორე სტროფში პოეტი გვიჩვენებს დანგრეული ქალაქის ტრაგიკულ სურათებს, რომლებიც სამგლოვიარო განწყობილებას აღძრავს მნახველში: „საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა (ჯერაც ჰაეროვანი)“. ეს მშვენიერი ადგილები ახლა ნატამლად (ნაშთად) ქცეულა. ირგვლივ საოცარი მწუხარება, ჭმუნვა მეფობს: „ უდაბურება, მჩუმარება, არარაობა“. ამ პალატების დანგრეული ნაშთების ფონზე ადამიანი აღმოაჩენს სხვა ჩინებული ქალაქების ხვედრსა და მომავალს. ასევე, რომანტიკოსი პოეტის თვალთახედვით, ეს ტრაგიკული ისტორია ადამიანთა მომავლის ხატებაა, მისი წინასწარმეტყველებაა: „ აჰა, ჩვენისა მომავლისა ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავბრმობილო“. ამ ქალაქის ამბავი ეხმიანება საქარათველოს სვე-ბედს, მის აწმყოს. ოდესღაც ულამაზესი ქვეყანა ახლა ბუთა თავშესაფრად ქცეულა, გაპარტეხებულა, რუსული ძალმომრეობის უღელში დაკნინებულა.

მომდევნო სტროფებში პოეტი სევდიანად გვიამბობს განადგურებული ქალაქის წარსულს და პოეტური თვალით აღწერს მის ღირსშესანიშნაობებს.

გაუჭირდება მნახველს, ამოიცნოს დანგრეული კამარის (თაღის) მიღმა ტაძარი, რომელშიც მეფენიც კი მოწიწებით იდრეკდნენ ღვთის წინაშე მუხლს და მორწმუნეთა მიერ ღვთის დიდება ცამდე აღწევდა. ამჟამად ეს ყველაფერი სახეშეცვლილია და ამ მიდამოებში ადამიანთა მაგივრად მხოლოდ პირუტყვი თუ მოჩანს. ზოგჯერ ნადირი, მხეცი ან მგზავრი თუ შეაფარებს თავს დანგრეული ტაძრის ნაშთებს. ოთხკუთხედი ქვათა გროვა სარფიანი საქმის სომეხი ოსტატების სავაჭრო ადგილები ყოფილა. მათ შორის იყვნენ „ქურურთა მქონე“ (დიდძალი სიმდიდრის მფლობელი) სომეხი ვაჭრები, რომლებიც არა მხოლოდ ვერცხლით, სიმდიდრით, არამედ გავლენითაც გამოირჩეოდნენ. პოეტი სევდიანად დასძენს: „ აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე“.

ვრცელი ვაკე, მინდორი, რომელიც დახავსებული ქვებით გავსებულა, ოდესღაც საასპარეზო მოედანი ყოფილა, სადაც ჭაბუკი მხედრები თავიანთ ღონესა და ვაჟკაცობას სცდიდნენ. აქ ხშირად იმართებოდა „ შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა“. ერთ დროს ეს გაშავებული ქვები ერთმანეთთან კავშირით დიდ და სანაქებო ნაგებობას ქმნიდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებსაც ეს ნაგებობები ეკუთვნოდათ, შვებითა და განცხრომით ბედნიერად ცხოვრობდნენ. ამ ქალაქსაც ჰყოლია თავისი მრისხანე თუ ლმობიერი მბრძანებელი „წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა“. ცხოვრება ამ ქალაქშიც ჩვეული რიტმით მიედინებოდა. ყოფილა შური და მტრობაც, სიყვარული და სიკეთეც. ახლად გაფურჩქნილი გოგონები (ბანოვანნი) ტბის ტალღების სიწმინდეს ნაპირზე მიუზიდავს. მათი ნაკვთების სილამაზე კი ტბაში არეკლილა: „ ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობრნი რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისა“. პოეტი ჰიპერბოლური გაპიროვნებების გამოყენებით ხატავს წარმოუდგენელ სურათს, რომ ბანოვანთა სილამაზით მოხიბლულ მთვარეს თავი დაჩაგრულად უგრძვნია და დაღონებულა. ლექსის ფინალურ სტროფში ალ. ჭავჭავაძე სევდიანად დასძენს, რომ დრო თავისი გამანადგურებელი ცელით ზეციურ მშვენიერებაზე უკეთესსაც კი სპობს და ანადგურებს: „ მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარწყმდით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა“.

გოგჩის ნაპირებზე გაშენებული ქალაქის, “დროსა მსვრელის ცელით” განადგურება ნაწარმოებში გააზრებულია, როგორც უმკაცრესი გარდაუვალობა, რომელმაც დაუნდობლად უნდა წარხოცოს მიწიერი დიდება, ფუფუნება, შვენება, განცხრომა, ბედნიერება, ჰარმონია, ნეტარება… პოეტი ამ ლექსის ქვეტექსტებში აღნიშნავს, რომ ბუნების ჰარმონია მარადიულ მშვენიერებას იტევს,რასაც ვერ ახერხებს ადამიანი. ეს ლექსი ამ გაგებით ეხმიანება „ეკლესიასტეს“ მარადიულ თემას „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოა“.                                                            
                                                                                     ანალიზი მოამზადა ეთერ კაპანაძემ



Thursday, July 21, 2016

მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების პრაქტიკული ასპექტები

creative-light-blub-980x505 
პედაგოგები ხშირად ვფიქრობთ, როგორ
 გადავაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად, რა რეალური მექანიზმები შევიმუშაოთ აუდიტორიაში სასიამოვნო სასწავლო განწყობილების შექმნისთვის. ასეთი გარემოს ორგანიზების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებია.

დამოუკიდებელი აზროვნება რეფლექსიური ხასიათისაა და მიმართულია იმ საკითხების გადაწყვეტისკენ, რომელშიც დარწმუნებული ვართ და რისი გაკეთებაც გვინდა. მართალია, ასეთი აზროვნება პიროვნებას შეცდომებისგან არ ათავისუფლებს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია ეს „შეცდომები“ უეცრად საოცრად ჭეშმარიტიც აღმოჩნდეს, ამიტომ აზროვნების ასეთი ფორმების ათვისება მოსწავლისთვის აუცილებელია. დამოუკიდებელი აზროვნება პროგრესის განუყოფელი ნაწილიცაა და ამიტომ, როდესაც მოსწავლეს ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებთ და მიზნების დასახვაში ვეხმარებით, ისიც უნდა ვასწავლოთ, როგორ გადადგას განსაკუთრებული ნაბიჯები, როგორ შეძლოს პრაქტიკულ ცხოვრებაში ტრადიციული „სიბრძნისგან“ გადახვევა და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.

დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობით მოსწავლე თავისუფლდება სტერეოტიპებისგან, პროცესებს ხედავს „გარედან“ და გზას უხსნის ახალ იდეებს. რაც მთავრია – ასეთ დროს წარმოშობილი მოსაზრებები კონკრეტულად მოსწავლის „კუთვნილებაა“ და არა „განმეორება“ რომელიმე საინფორმაციო წყაროდან მიღებული ცოდნისა. ამიტომ მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალია და მოსწავლეთა დიდ დაინტერესებასა და შემოქმედებით აქტივობასაც იწვევს.

დამოუკიდებელი აზროვნებისთვის დამახასიათებელია:
არაორდინალური კითხვების დასმა, ორიგინალური მოსაზრებების გამოთქმა, კრეატიული იდეების წამოყენება;
განსხვავებული არგუმენტების მოტანა;
პრობლემების დროულად გადაწყვეტა;
ცოდნის აგება – კონსტრუირება;
საბოლოო შედეგების განსაზღვრა.

იფიქრო დამოუკიდებლად, ეს ნიშნავს:
იყო ცნობისმოყვარე;
შეძლო კვლევა-ძიების წარმოება;
სწორად მოახდინო საკითხების ინდენტიფიცირება;
დაგეგმო პროცესი;
შეადგინო გეგმა;
იპოვო პასუხები კითხვებზე;
დააკავშირო ფაქტები და მოვლენები;
შეძლო ჰიოთეზების დამტკიცება;
გქონდეს ლოგიკური პროცესების უნარი.
   დამოუკიდებელი აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პიროვნული ღირსებებიც, როგორიცაა: სწრაფი მოქმედების უნარი; განსხვავებული აქცენტები; მიზანმიმართულობა; მუდმივი მზადყოფნა იდეების გენერირებისთვის; გააზრება და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.
ასეთი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენოს, რომელთა დახმარებით მოსწავლე უკეთესად შეძლებს თვითგანვითარებაზე ზრუნვას, სწავლის პროცესის ორგანიზებას და ახალი ცოდნის აგებას.
როგორია გაკვეთილზე დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული ნაბიჯები?უპირველესად ყურადღება უნდა გავამახვილოთ გაკვეთილის ძირითადი ფაზების და მეთოდური ნაბიჯების თანმიმდევრობაზე (სქემა 1):
გაკვეთილისტექნოლოგიურიეტაპები მოსწავლისქმედება მასწავლებლისქმედება შესაძლო ინტერვენციები და გადაწყვეტილებები
საწყის ეტაპზე: გამოწვევა; მოტივაცია; წინარე ცოდნის აქტუალიზაცია; ახლის შეძენის ინტერესი; მიზნის განსაზღვრა.
მოსწავლე„იხსენებს“, რა იცის; აკონკრეტებს ინფორმაციას და სვამს შეკითხვებს. მასწავლებელი მოსწავლის არსებულ ცოდნას „წარმართავს“ შემდგომი მუშაობისკენ. გაანალიზება; არგუმენტირება; ვიზუალიზაცია (გრაფიკულად); სწორი და მცდარი მტკიცებულებების წამოყენება; ლოგიკური კავშირები; გონებრივი იერიში; პრობლემური შეკითხვები; დისკუსია, დებატები, ინტერვიუ, ასევე ასოციაციური კავშირების, კლასტერების, სინქვეინების, სხვა კოგნიტური პროცესების გამოყენება.
დამამთავრებელ ეტაპზე: მიღებული ცოდნის გააზრება და ახლის მიღება; შედეგების განსაზღვრა. მოსწავლეადარებს „ძველ“ და „ახალ“ ცოდნას; ახდენს სინთეზს და იღებს ახალ ცოდნას. მასწავლებელივალდებულია, მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება; პრაქტიკული კვლევის ელემენტების გამოყენება. არგუმენტაცია; კითხვებზე პასუხის გაცემა; წერილობითი და ზეპირი პრეზენტაცია; კლასტერების, კოგნიტური სქემების შევსება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოყენება და ა.შ; ასეთი მეთოდებით მიღებული ინფორმაცია გადაიქცევა „მოსწავლის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებელ ცოდნად“.
რეფლექსიის ეტაპზე ხდება გაანალიზება, ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამუშავება და შესწავლილი მასალის ინტერპრეტაცია; სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და ჯგუფურად, თუმცა ძირითადად მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა, რადგან დამოუკიდებელი აზროვნება ძირითადად ინდივიდუალურად მიიღწევა.    
     გაკვეთილის  საწყის და დამამთავრებელ ეტაპზე ეფექტურია სტრატეგია  „სინქვეინის“ გამოყენებაც, რომელიც მიღებული ცოდნისა  და უნარების შემოწმებისა და მასში ცვლილებების შეტანის მნიშვნელოვანი საშუალებაა. „სინქვეინის“  მეშვეობით მოსწავლეს რამდენიმე სიტყვით და წინადადებით შეუძლია თავისი დამოკიდებულების გამოხატვა მიღებული ცოდნის შესახებ, რისთვისაც მან მთელი მიღებული ინფორმაცია უნდა გააანალიზოს და მოვლენებიდან და ფაქტებიდან აიღოს ყველაზე  მნიშვნელოვანი და ძირითადი.
სასურველია, მოსწავლეებს წინასწარ ვასწავლოთ სინქვეინის დაწერა, შემდეგ მივცეთ რამდენიმე მაგალითი და მხოლოდ ამის შემდეგ დავავალოთ  საკუთარი სინქვეინის შესრულება (შესაძლოა დავალება წყვილებში ანდა ჯგუფურადაც შესრულდეს)  [სინქვეინი სალექსო ფორმაა, რომელიც დაახლოებით ხუთი ხაზისგან შედგება. აქედან პირველი ხაზი – სინქვეინის თემაა (ჩვეულებრივ, ის არსებითი სახელია ანდა ზმნიზედა), რომელიც აღნიშნავს  ობიექტს ანდა საგანს, რომელსაც შეეხება საუბარი; მეორე ხაზი – ორი სიტყვაა (მეტწილად ის განსაზღვრებაა), რომელიც აღწერითი ხასიათისაა და გამოყოფს ობიექტის  ძირითად ნიშან-თვისებას; მესამე ხაზი სამი ზმნისგან შედგება და აღწერს ობიექტის ძირითად ქმედებას; მეოთხე ხაზი ფრაზაა, რომელიც გამოხატავს პირად დამოკიდებულებას აღწერითი ობიექტის მიმართ; მეხუთე ხაზი  რეზიუმეა, რომელიც საგნის, ობიექტის არსს გამოხატავს].
ზოგადად სინქვეინი სწრაფი და ძლიერი ინსტრუმენტია რეფლექსიისთვის, სინთეზისთვის,  ცნებებისა და ინფორმაციების განზოგადებისთვის. მოსწავლეები ხალისით და ინტერესით მუშაობენ ასეთ დავალებებზე.
მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის ასევე ეფექტურად გამოიყენება კლასტერები. იგი მასალის გრაფიკული ორგანიზებაა, რომელიც სააზროვნო პროცესების ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. კლასტერის შედგენისას დაუშვებელია კრიტიკა, იწერება ყველა იდეა, ინტუიციური აზრი, რაც გარკვეული გეგმის მიხედვით მოქმედებას მოითხოვს. რაც შეეხება დროს, ის დამოკიდებულია საგაკვეთილო მიზანზე და მასწავლებლის მიერ აქტივობისთვის განკუთვნილ დროზე.
გთავაზობთ კლასტერებს, რომელიც მოსწავლეებმა ამავე გაკვეთილის პირველ და დამამთავრებელ  ეტაპზე შეადგინეს:
მის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს ისეთი კლასტერიც, რომელიც   წინასწარაა შედგენილი, მასში არ არის მითითებული თემა. ის თავად უნდა გამოიცნონ მოსწავლეებმა და ჩაწერონ სათანადო ადგილზე. 
მოცემული სააზროვნო ოპერაციების, მეთოდებისა და  სტრატეგიების (არგუმენტირება,  სწორი და მცდარი მტკიცებულებების წამოყენება, პრობლემური შეკითხვები, ასოციაციური კავშირები, კლასტერები, სინქვეინები და სხვადასხვა კოგნიტური  დავალებები) გამოყენებას არ ახლავს განსაკუთრებული სირთულე. ისინი ხელს უწყობენ  პედაგოგიური მიზნების მიღწევას, საინტერესო და სასიამოვნო საგაკვეთილო პროცესის წარმართვას და მოსწავლეთა შორის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, ამიტომ მათი აქტივიზაცია გაკვეთილზე  მისაღებია და  სასურველი.

Thursday, July 14, 2016

კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი მეთოდი „თევზის ფხა“

13647034_1802861343276333_1224707131_oმეთოდი  ინფორმაციის გაგება-გააზრების და დამუშავების უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ლიტერატურაში მას ფიშბოუნის დიაგრამადაც მოიხსენებენ (fishbone diagram). სახელწოდება გამომდინარეობს დიაგრამის ფორმიდან, რომელიც მართლაც წააგავს თევზის ფხას (fishbone სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურიდან).ინფორმაციის დამუშავებისა და გადამუშავების უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ეს, ასე ვთქვათ, „გამჭოლი კომპეტენციაა“ და მოსწავლეს გამოადგება არა მხოლოდ კონკრეტული საგნის კონკრეტული თემის დამუშავების დროს, არამედ ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და დამახსოვრებისთვის. სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება: თვალსაჩინოებები, სქემები, დიაგრამები, მარკირების სისტემის გამოყენება, ცნებათა განმარტებებისა და დამახსოვრებისთვის შემუშავებული რუკები. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სურათხატების, ვიზუალური თვალსაჩინოებების და ილუსტრაციების წყალობით ადამიანი გაცილებით უკეთ იმახსოვრებს, იგებს და იაზრებს ახალ ცოდნას.
მეთოდის შესახებმეთოდის შექმნა მიეწერება იაპონელ მეცნიერს, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს, კაირუ ისიკავას. ის ხარისხის მართვის სპეციალისტად ითვლებოდა არამარტო იაპონიის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შექმნილი აქვს არაერთი მეთოდი , დიაგრამა, სქემა მიზეზ-შედეგობრივი, ლოგიკური კავშირების დადგენისა და კვლევისთვის. მისი მეთოდი ადაპტირებულია უამრავი, ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავებული დარგისა და მიმართულებისთვის. ამჯერად შევეცდებით მოგაწოდოთ მეთოდის ადაპტირების ვარიანტი სწავლა-სწავლების პროცესში.
მეთოდის უპირატესობები:
  • მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად ან წყვილებში და ეჩვევიან თანამშრომლობით სწავლების პრინციპს;
  • ხდება მიღებული ინფორმაციის რანჟირება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ( მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, არგუმენტირებისთვის საჭირო, ფაქტობრივი/შინაარსობრივი ფაქტორები და ა. შ.);
  • ივითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს, ეცნობიან კრიტიკული აზროვნების სტრატეგიებს;
  • აფასებენ მიღებულ ცნობებს სხვადასხვა მითითების მიხედვით და სწავლობენ არგუმენტირებული დასკვნების გაკეთებას;
  • იდეების გენერირებისა და პრობლემური სიტუაციების განხილვის პროცესში მოსახერხებელია მოსაზრებების დაფიქსირება სამომავლოდ გასაანალიზებლად;


აგების წესიდიაგრამის ფორმას მასწავლებელი თავად ადგენს და გაკვეთილზე უკვე მზა შაბლონი შეაქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად შეიძლება სხვადასხვა საოფისე პროგრამის გამოყენებით დიაგრამის აწყობა. შესაძლებელია ჩვეულებრივ, ოღონდ დიდი ფორმატის ქაღალდზე ან დაფაზე წინასწარ დახაზვაც. მასალაზე თანდართულ ნიმუშში დიაგრამა ჰორიზონტალურია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ვერტიკალური ვარიანტის გაკეთებაც. გასათვალისწინებელი ისაა, რომ ვერტიკალური დიაგრამა მეტი მოცულობის ინფორმაციის განთავსების საშუალებას იძლევა „ფხაზე“, ჰორიზონტალური კი მეტად დაწურული და შეკუმშულია. შესაბამისად, სწავლების დაბალ საფეხურზე მეტად მიზანშეწონილია ვერტიკალური, მაღალ საფეხურზე კი – ჰორიზონტალური შაბლონის გამოყენება.
„თევზის ფხა“ 4 ინფორმაციული ბლოკისგან შედგება:თავი – აქ საჭიროა გადასაჭრელი პრობლემის, საკითხის, სამსჯელო თეზისის, პრობლემური სიტუაციის დაფიქსირება.
ზედა ( დახრილი, თავისკენ მიმართული) ფხა/ფხები  – პრობლემური საკითხის გამომწვევი მიზეზების თავმოყრა.
ქვედა ფხა/ფხები – ფაქტები, რომლებიც ამყარებს ( ადასტურებს, გაამყარებს…) თავში მოცემულ პრობლემატიკას.
კუდი – დასკვნა, განზოგადება, შეჯამება.
დიაგრამაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია მოცემული ცნობების რანჟირების წესის გათვალისწინებაც – თავთან უფრო ახლოს შევსებული „ფხა“ მეტად მნიშვნელოვანი, „წონიანი“ ცნობაა.
აუცილებელია ცნობების ( ინფორმაციის) მოკლედ, ლაკონიურად, ნათლად, მკაფიოდ გამოხატვა/გამოსახვა დიაგრამაზე.
დიაგრამის შემადგენელი ნაწილების ( ბლოკების) სახელდებაც და შინაარსიც პირობითია. მთავარი  მოცემულობა ის გახლავთ, რომ თავში დაფიქსირებული საკვლევი საკითხის ირგვლივ მოხდეს იდეების გენერირება, მოსაზრებების თავმოყრა. ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ფაქტები, არგუმენტები, მოსაზრებები, ვარაუდები. მასწავლებელი კონკრეტული გაკვეთილის თემას თავად მოარგებს ფორმასაც და შინაარსსაც.
მეთოდის გამოყენება გაკვეთილზე
ფიშბოუნის დიაგრამა შეიძლება გამოვიყენოთ ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლის პროცესშიც, დასრულების შემდეგაც, რომელიმე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ეკრანიზაციის ნახვისა და განხილვის დროს, ისტორიული წყაროს დამუშავებისას. შესაძლებელია ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა.
ინდივიდუალური – მოსწავლეებს ურიგდებათ ერთნაირი შაბლონი და ეძლევათ მითითება – შეავსონ „ფხის“ შესაბამისი ნაწილები წესების დაცვით. შემდგომ მოსწავლეები მასწავლებელს და კლასს აცნობენ შედეგებს, მასწავლებელს შეუძლია ერთი საერთო დიაგრამის შევსება დაფაზე, სადაც კლასთან შეთანხმებულ ცნობებს დაიტანს.
ჯგუფური – სხვადასხვა ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა საკვლევი თემა ( პრობლემა, საკითხი, კითხვა…), შევსებული დიაგრამის წარდგენამდე ჯგუფი განიხილავს ჯერ თემას და შემდეგ საკუთარ დიაგრამას წარადგენს.