Thursday, July 21, 2016

მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების პრაქტიკული ასპექტები

creative-light-blub-980x505 
პედაგოგები ხშირად ვფიქრობთ, როგორ
 გადავაქციოთ სწავლა სახალისო პროცესად, რა რეალური მექანიზმები შევიმუშაოთ აუდიტორიაში სასიამოვნო სასწავლო განწყობილების შექმნისთვის. ასეთი გარემოს ორგანიზების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებია.

დამოუკიდებელი აზროვნება რეფლექსიური ხასიათისაა და მიმართულია იმ საკითხების გადაწყვეტისკენ, რომელშიც დარწმუნებული ვართ და რისი გაკეთებაც გვინდა. მართალია, ასეთი აზროვნება პიროვნებას შეცდომებისგან არ ათავისუფლებს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია ეს „შეცდომები“ უეცრად საოცრად ჭეშმარიტიც აღმოჩნდეს, ამიტომ აზროვნების ასეთი ფორმების ათვისება მოსწავლისთვის აუცილებელია. დამოუკიდებელი აზროვნება პროგრესის განუყოფელი ნაწილიცაა და ამიტომ, როდესაც მოსწავლეს ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებთ და მიზნების დასახვაში ვეხმარებით, ისიც უნდა ვასწავლოთ, როგორ გადადგას განსაკუთრებული ნაბიჯები, როგორ შეძლოს პრაქტიკულ ცხოვრებაში ტრადიციული „სიბრძნისგან“ გადახვევა და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.

დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობით მოსწავლე თავისუფლდება სტერეოტიპებისგან, პროცესებს ხედავს „გარედან“ და გზას უხსნის ახალ იდეებს. რაც მთავრია – ასეთ დროს წარმოშობილი მოსაზრებები კონკრეტულად მოსწავლის „კუთვნილებაა“ და არა „განმეორება“ რომელიმე საინფორმაციო წყაროდან მიღებული ცოდნისა. ამიტომ მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალია და მოსწავლეთა დიდ დაინტერესებასა და შემოქმედებით აქტივობასაც იწვევს.

დამოუკიდებელი აზროვნებისთვის დამახასიათებელია:
არაორდინალური კითხვების დასმა, ორიგინალური მოსაზრებების გამოთქმა, კრეატიული იდეების წამოყენება;
განსხვავებული არგუმენტების მოტანა;
პრობლემების დროულად გადაწყვეტა;
ცოდნის აგება – კონსტრუირება;
საბოლოო შედეგების განსაზღვრა.

იფიქრო დამოუკიდებლად, ეს ნიშნავს:
იყო ცნობისმოყვარე;
შეძლო კვლევა-ძიების წარმოება;
სწორად მოახდინო საკითხების ინდენტიფიცირება;
დაგეგმო პროცესი;
შეადგინო გეგმა;
იპოვო პასუხები კითხვებზე;
დააკავშირო ფაქტები და მოვლენები;
შეძლო ჰიოთეზების დამტკიცება;
გქონდეს ლოგიკური პროცესების უნარი.
   დამოუკიდებელი აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პიროვნული ღირსებებიც, როგორიცაა: სწრაფი მოქმედების უნარი; განსხვავებული აქცენტები; მიზანმიმართულობა; მუდმივი მზადყოფნა იდეების გენერირებისთვის; გააზრება და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.
ასეთი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენოს, რომელთა დახმარებით მოსწავლე უკეთესად შეძლებს თვითგანვითარებაზე ზრუნვას, სწავლის პროცესის ორგანიზებას და ახალი ცოდნის აგებას.
როგორია გაკვეთილზე დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული ნაბიჯები?უპირველესად ყურადღება უნდა გავამახვილოთ გაკვეთილის ძირითადი ფაზების და მეთოდური ნაბიჯების თანმიმდევრობაზე (სქემა 1):
გაკვეთილისტექნოლოგიურიეტაპები მოსწავლისქმედება მასწავლებლისქმედება შესაძლო ინტერვენციები და გადაწყვეტილებები
საწყის ეტაპზე: გამოწვევა; მოტივაცია; წინარე ცოდნის აქტუალიზაცია; ახლის შეძენის ინტერესი; მიზნის განსაზღვრა.
მოსწავლე„იხსენებს“, რა იცის; აკონკრეტებს ინფორმაციას და სვამს შეკითხვებს. მასწავლებელი მოსწავლის არსებულ ცოდნას „წარმართავს“ შემდგომი მუშაობისკენ. გაანალიზება; არგუმენტირება; ვიზუალიზაცია (გრაფიკულად); სწორი და მცდარი მტკიცებულებების წამოყენება; ლოგიკური კავშირები; გონებრივი იერიში; პრობლემური შეკითხვები; დისკუსია, დებატები, ინტერვიუ, ასევე ასოციაციური კავშირების, კლასტერების, სინქვეინების, სხვა კოგნიტური პროცესების გამოყენება.
დამამთავრებელ ეტაპზე: მიღებული ცოდნის გააზრება და ახლის მიღება; შედეგების განსაზღვრა. მოსწავლეადარებს „ძველ“ და „ახალ“ ცოდნას; ახდენს სინთეზს და იღებს ახალ ცოდნას. მასწავლებელივალდებულია, მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება; პრაქტიკული კვლევის ელემენტების გამოყენება. არგუმენტაცია; კითხვებზე პასუხის გაცემა; წერილობითი და ზეპირი პრეზენტაცია; კლასტერების, კოგნიტური სქემების შევსება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოყენება და ა.შ; ასეთი მეთოდებით მიღებული ინფორმაცია გადაიქცევა „მოსწავლის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებელ ცოდნად“.
რეფლექსიის ეტაპზე ხდება გაანალიზება, ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამუშავება და შესწავლილი მასალის ინტერპრეტაცია; სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში და ჯგუფურად, თუმცა ძირითადად მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა, რადგან დამოუკიდებელი აზროვნება ძირითადად ინდივიდუალურად მიიღწევა.    
     გაკვეთილის  საწყის და დამამთავრებელ ეტაპზე ეფექტურია სტრატეგია  „სინქვეინის“ გამოყენებაც, რომელიც მიღებული ცოდნისა  და უნარების შემოწმებისა და მასში ცვლილებების შეტანის მნიშვნელოვანი საშუალებაა. „სინქვეინის“  მეშვეობით მოსწავლეს რამდენიმე სიტყვით და წინადადებით შეუძლია თავისი დამოკიდებულების გამოხატვა მიღებული ცოდნის შესახებ, რისთვისაც მან მთელი მიღებული ინფორმაცია უნდა გააანალიზოს და მოვლენებიდან და ფაქტებიდან აიღოს ყველაზე  მნიშვნელოვანი და ძირითადი.
სასურველია, მოსწავლეებს წინასწარ ვასწავლოთ სინქვეინის დაწერა, შემდეგ მივცეთ რამდენიმე მაგალითი და მხოლოდ ამის შემდეგ დავავალოთ  საკუთარი სინქვეინის შესრულება (შესაძლოა დავალება წყვილებში ანდა ჯგუფურადაც შესრულდეს)  [სინქვეინი სალექსო ფორმაა, რომელიც დაახლოებით ხუთი ხაზისგან შედგება. აქედან პირველი ხაზი – სინქვეინის თემაა (ჩვეულებრივ, ის არსებითი სახელია ანდა ზმნიზედა), რომელიც აღნიშნავს  ობიექტს ანდა საგანს, რომელსაც შეეხება საუბარი; მეორე ხაზი – ორი სიტყვაა (მეტწილად ის განსაზღვრებაა), რომელიც აღწერითი ხასიათისაა და გამოყოფს ობიექტის  ძირითად ნიშან-თვისებას; მესამე ხაზი სამი ზმნისგან შედგება და აღწერს ობიექტის ძირითად ქმედებას; მეოთხე ხაზი ფრაზაა, რომელიც გამოხატავს პირად დამოკიდებულებას აღწერითი ობიექტის მიმართ; მეხუთე ხაზი  რეზიუმეა, რომელიც საგნის, ობიექტის არსს გამოხატავს].
ზოგადად სინქვეინი სწრაფი და ძლიერი ინსტრუმენტია რეფლექსიისთვის, სინთეზისთვის,  ცნებებისა და ინფორმაციების განზოგადებისთვის. მოსწავლეები ხალისით და ინტერესით მუშაობენ ასეთ დავალებებზე.
მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის ასევე ეფექტურად გამოიყენება კლასტერები. იგი მასალის გრაფიკული ორგანიზებაა, რომელიც სააზროვნო პროცესების ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. კლასტერის შედგენისას დაუშვებელია კრიტიკა, იწერება ყველა იდეა, ინტუიციური აზრი, რაც გარკვეული გეგმის მიხედვით მოქმედებას მოითხოვს. რაც შეეხება დროს, ის დამოკიდებულია საგაკვეთილო მიზანზე და მასწავლებლის მიერ აქტივობისთვის განკუთვნილ დროზე.
გთავაზობთ კლასტერებს, რომელიც მოსწავლეებმა ამავე გაკვეთილის პირველ და დამამთავრებელ  ეტაპზე შეადგინეს:
მის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს ისეთი კლასტერიც, რომელიც   წინასწარაა შედგენილი, მასში არ არის მითითებული თემა. ის თავად უნდა გამოიცნონ მოსწავლეებმა და ჩაწერონ სათანადო ადგილზე. 
მოცემული სააზროვნო ოპერაციების, მეთოდებისა და  სტრატეგიების (არგუმენტირება,  სწორი და მცდარი მტკიცებულებების წამოყენება, პრობლემური შეკითხვები, ასოციაციური კავშირები, კლასტერები, სინქვეინები და სხვადასხვა კოგნიტური  დავალებები) გამოყენებას არ ახლავს განსაკუთრებული სირთულე. ისინი ხელს უწყობენ  პედაგოგიური მიზნების მიღწევას, საინტერესო და სასიამოვნო საგაკვეთილო პროცესის წარმართვას და მოსწავლეთა შორის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას, ამიტომ მათი აქტივიზაცია გაკვეთილზე  მისაღებია და  სასურველი.

No comments:

Post a Comment