Friday, July 29, 2016



                                                       ალ. ჭავჭავაძის „ გოგჩა“

„ალექსანდრე ჭავჭავაძეზე ფხიზლად მსჯელობა, გრძნობათა დაუხმარებლად, შეუძლებელია - წერდა იოსებ გრიშაშვილი, - იგი იყო დიდი გრძნობის მომღერალი, უხვი, ლაღი,ჭარბი, გულდოვლათიანი. ამ გრძნობამორეული პოეტის ბიოგრაფია, ორი საუკუნის მიღმა რომ იწყება, იმდროინდელი საქართველოს სვე-ბედს ირეკლავს და ასერიგად ბევრს გვეუბნება ჩვენს წარსულზეც და ჩვენს ხასიათზეც.

პეტერბურგში წარუდგენია ალექსანდრე ჭავჭავაძეს იმპერატორისათვის „საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი“, რომელშიც იგი შეუფარავად ლაპარაკობდა სასოწარკვეთილებამდე მისულ თვისტომებზე და ოდესღაც აყვავებულ, აწ კი გაჩანაგებულ ქვეყანაზე: „ახლანდელი საქართველოს მნახველი ძნელად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა. მისი წინანდელი მოსახლეობის მოწამედ მხოლოდ უტყვი ნანგრევები-ღა დარჩენილა...“. ადვილი შესამჩნევია, როგორ ეხმიანება ეს სიტყვები ალექსანდრე ჭავჭავაძის ლირიკის აღიარებული ნიმუშის, „გოგჩის“ განწყობილებას:

„აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი,
აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო“...

„გოგჩა“ 1841 წლითაა დათარიღებული. (ამ დროისათვის ალექსანდრე ჭავჭავაძე უკვე გენერალ-ლეიტენანტია. )

ლექსის პირველ სტროფში პოეტი წარმოაჩენს გოგჩის ტბის სილამაზეს.ეს უმშვენიერესი ტბა მდებარეობს სომხეთში, ეს არის იგივე სევანის ტბა.

„ გოგაჩა ტბა ვრცელი ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,

ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ღელავს მრისხანედ“

ბუნების უმშვენიერესი ქმნილება, წმინდა და აუმღვრეველი, ბროლივით გამჭვირვალე გოგჩის ტბა ალ.ჭავჭავაძეს საქართველოს დიად საუკუნეებს აგონებს, როდესაც იგი მტკიცედ იდგა მისი არაერთი მუსლიმანური მტრის წინაშე, ტბის შემოგარენში ოდესღაც გაშენებული იყო მშვენიერი ქალაქი, რომელმაც დროთა სვლას ვერ გაუძლო და განადგურდა. ლექსის მეორე სტროფში პოეტი გვიჩვენებს დანგრეული ქალაქის ტრაგიკულ სურათებს, რომლებიც სამგლოვიარო განწყობილებას აღძრავს მნახველში: „საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა (ჯერაც ჰაეროვანი)“. ეს მშვენიერი ადგილები ახლა ნატამლად (ნაშთად) ქცეულა. ირგვლივ საოცარი მწუხარება, ჭმუნვა მეფობს: „ უდაბურება, მჩუმარება, არარაობა“. ამ პალატების დანგრეული ნაშთების ფონზე ადამიანი აღმოაჩენს სხვა ჩინებული ქალაქების ხვედრსა და მომავალს. ასევე, რომანტიკოსი პოეტის თვალთახედვით, ეს ტრაგიკული ისტორია ადამიანთა მომავლის ხატებაა, მისი წინასწარმეტყველებაა: „ აჰა, ჩვენისა მომავლისა ნამდვილი ხატი; მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავბრმობილო“. ამ ქალაქის ამბავი ეხმიანება საქარათველოს სვე-ბედს, მის აწმყოს. ოდესღაც ულამაზესი ქვეყანა ახლა ბუთა თავშესაფრად ქცეულა, გაპარტეხებულა, რუსული ძალმომრეობის უღელში დაკნინებულა.

მომდევნო სტროფებში პოეტი სევდიანად გვიამბობს განადგურებული ქალაქის წარსულს და პოეტური თვალით აღწერს მის ღირსშესანიშნაობებს.

გაუჭირდება მნახველს, ამოიცნოს დანგრეული კამარის (თაღის) მიღმა ტაძარი, რომელშიც მეფენიც კი მოწიწებით იდრეკდნენ ღვთის წინაშე მუხლს და მორწმუნეთა მიერ ღვთის დიდება ცამდე აღწევდა. ამჟამად ეს ყველაფერი სახეშეცვლილია და ამ მიდამოებში ადამიანთა მაგივრად მხოლოდ პირუტყვი თუ მოჩანს. ზოგჯერ ნადირი, მხეცი ან მგზავრი თუ შეაფარებს თავს დანგრეული ტაძრის ნაშთებს. ოთხკუთხედი ქვათა გროვა სარფიანი საქმის სომეხი ოსტატების სავაჭრო ადგილები ყოფილა. მათ შორის იყვნენ „ქურურთა მქონე“ (დიდძალი სიმდიდრის მფლობელი) სომეხი ვაჭრები, რომლებიც არა მხოლოდ ვერცხლით, სიმდიდრით, არამედ გავლენითაც გამოირჩეოდნენ. პოეტი სევდიანად დასძენს: „ აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე“.

ვრცელი ვაკე, მინდორი, რომელიც დახავსებული ქვებით გავსებულა, ოდესღაც საასპარეზო მოედანი ყოფილა, სადაც ჭაბუკი მხედრები თავიანთ ღონესა და ვაჟკაცობას სცდიდნენ. აქ ხშირად იმართებოდა „ შუბთა ტრიალი, ჯირითთ ტყორცნა და ისართ სროლა“. ერთ დროს ეს გაშავებული ქვები ერთმანეთთან კავშირით დიდ და სანაქებო ნაგებობას ქმნიდნენ, ხოლო ადამიანები, რომლებსაც ეს ნაგებობები ეკუთვნოდათ, შვებითა და განცხრომით ბედნიერად ცხოვრობდნენ. ამ ქალაქსაც ჰყოლია თავისი მრისხანე თუ ლმობიერი მბრძანებელი „წყალობათა და რისხვის ფრქვევით მმართველი ერთა“. ცხოვრება ამ ქალაქშიც ჩვეული რიტმით მიედინებოდა. ყოფილა შური და მტრობაც, სიყვარული და სიკეთეც. ახლად გაფურჩქნილი გოგონები (ბანოვანნი) ტბის ტალღების სიწმინდეს ნაპირზე მიუზიდავს. მათი ნაკვთების სილამაზე კი ტბაში არეკლილა: „ ვარდნი, ზამბახნი და მიხაკნი და გიშრის მწყობრნი რავდენგზის ტურფად გარდუღია სარკესა წყლისა“. პოეტი ჰიპერბოლური გაპიროვნებების გამოყენებით ხატავს წარმოუდგენელ სურათს, რომ ბანოვანთა სილამაზით მოხიბლულ მთვარეს თავი დაჩაგრულად უგრძვნია და დაღონებულა. ლექსის ფინალურ სტროფში ალ. ჭავჭავაძე სევდიანად დასძენს, რომ დრო თავისი გამანადგურებელი ცელით ზეციურ მშვენიერებაზე უკეთესსაც კი სპობს და ანადგურებს: „ მაგრამ რა?! დროსა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარწყმდით, ციურთა მჯობი მშვენებლობაც სხვათებრ მოსთვლილა“.

გოგჩის ნაპირებზე გაშენებული ქალაქის, “დროსა მსვრელის ცელით” განადგურება ნაწარმოებში გააზრებულია, როგორც უმკაცრესი გარდაუვალობა, რომელმაც დაუნდობლად უნდა წარხოცოს მიწიერი დიდება, ფუფუნება, შვენება, განცხრომა, ბედნიერება, ჰარმონია, ნეტარება… პოეტი ამ ლექსის ქვეტექსტებში აღნიშნავს, რომ ბუნების ჰარმონია მარადიულ მშვენიერებას იტევს,რასაც ვერ ახერხებს ადამიანი. ეს ლექსი ამ გაგებით ეხმიანება „ეკლესიასტეს“ მარადიულ თემას „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოა“.                                                            
                                                                                     ანალიზი მოამზადა ეთერ კაპანაძემ



2 comments: